02 მაისი 2024,   16:56
ვრცლად
ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა კონსენსუსის მიღწევისთვის. ოპოზიცია მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებს. 

ოპოზიციური პარტიების წევრები მმართველ გუნდს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზებს სთავაზობენ და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე პარლამენტიდან კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე გამოთხოვა კარგი გამოსავალია.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს. ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ არსებული კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემოკრატიას საფრთხე დაემუქრება და კრიზისს გამოიწვევს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის არსებული ვარიანტის მესამე მოსმენის შემდეგ დამტკიცების შემთხვევაში ლეგიტიმურობის კრიზისს გამოიწვევს. კაპანაძე განმარტავს, რომ არსებული პროექტის დამტკიცება დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი, ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების ძალა აქვს ოპოზიციას, თუმცა, ამ ეტაპზე კონსენსუსის მიღწევას ემხრობა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, აღნიშნავს, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად კონსტიტუციის არსებული პროექტის გამოწვევა უნდა მოხდეს. 

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია, აღნიშნავს, რომ თუ მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარი კანონის პროექტს გამოიწვევს პარლამენტიდან, ამ შემთხვევაში, ვენეციის კომისია კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.  

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ჯანი ბუკიკიო დღეს პრეზიდენტს, უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები