01 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
თოჯინების თეატრის თანამშრომლები აქციას მართავენ

თოჯინების თეატრის თანამშრომლები ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენებას აპროტესტებენ. მსახიობები უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

აქციაზე თეატრის დასის წევრები შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ მაცხონაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს მის წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებების უსაფუძვლობა.

თოჯინების თეატრის გათავისუფლებული ხელმძღვანელი კულტურის მინისტრისგან მოითხოვს მისი გადაწყვეტილების განმარტებას. ასევე, ელენე მაცხონაშვილი მიხეილ გიორგაძეს სთხოვს იმ მიზეზების ახსნას, რომელთა საფუძველზეც მინისტრმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ელენე მაცხონაშვილი მინისტრს პირდაპირი ეთერის რეჟიმში სთხოვს ამ მიზეზებზე საუბარს. კულტურის მინისტრმა კი ეს გადაწყვეტილება გუშინ განმარტა და აღნიშნა, რომ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი მისი „უუნარობის“ გამო გაათავისუფლა.

„ბრალდება იყო საჯარო და მე მინდა პასუხები გავცე ასევე, საჯაროდ და კითხვები დავსვა საჯაროდ, რომელიც, თუნდაც, ეხება მშენებლობის საკითხს და არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც ეჭვი მაქვს, რომ მთლიანად საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო და დარწმუნებული ვარ, მინისტრისთვისაც,“ - განაცხადა ელენე მაცხონაშვილმა.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა, კულტურის მინისტრს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ მსახიობთა მოთხოვნები გაითვალისწინოს. 

დღის ამბები