03 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
ეს არის ქალაქის ძარცვა - თბილისის საკრებულოს სხდომას მერობის კანდიდატები დაესწრებიან 

თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილ სხდომას ეხმიანებიან თბილისის მერობის კანდიდატები. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ისინი ყველა კანონიერ გზას გამოიყენებენ იმისთვის, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს.

„დღეს პრაქტიკულად თბილისს ჩაუდგნენ ჯიბრში, იმიტომ, რომ მაინც არ იშლიან, მაინც უნდათ, რომ დაამტკიცონ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ დაუკანონონ ივანიშვილს როგორც პუშკინის სკვერის ტერიტორია, ასევე თაბორის მთაზე მდებარე ტერიტორია. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ეს არის თბილისის ერთ ლარად მიტაცება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე თანაგუნდელებთან ერთად დასწრებას გეგმავს "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

„ეს არის უბრალოდ ქალაქის ძარცვა და ჩვენი მოქალაქეების ძარცვა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ როგორც პარლამენტის წევრებს და ამის უფლებას გვაძლევს რეგლამენტი, უფლება მოგვცენ დავესწროთ ამ საკრებულოს სხდომას და ცხადია ყველა ის პრობლემა, ყველა ის პროტესტი, რომელიც არის საზოგადოებაში, იქ დავაყენოთ,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებზე უარის თქმისა და საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

„მოვუწოდებ საკრებულოს დეპუტატებს, პირველ რიგში ოპოზიციურ დეპუტატებს, დატოვონ თანამდებობები და მანდატები საკრებულოში. სხვა მხრივ ისინი არიან უმცირესობაში, მათი ხმები საკმარისი არ იქნება, სხდომას ვერ გადაადებინებენ, საკითხს ვერ ჩააგდებენ. რაში მონაწილეობენ ვერაფრით ვერ ვხდები და რატომ მონაწილეობენ,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოში დღეს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან. დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები