07 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
PARADISE PAPERS - ბრიტანეთის დედოფლის გადარიცხული თანხები ოფშორში და აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის კავშირები რუსეთთან

პოლიტიკური ლიდერების მიერ გადამალული მილიონები, ჩრდილოვანი კომპანიები, ფარული გარიგებები და საეჭვო კავშირები - მთელი მსოფლიო მორიგ ოფშორულ სკანდალს ადევნებს თვალს. PARADISE PAPERS - პირობითად ასე ეწოდება საერთაშორისო ჟურნალისტების მიერ მომზადებულ გამოძიებას.

რამდენიმე წამყვანმა გამოცემამ ერთობლივად შეისწავლა ოფშორული იურიდიული კომპანიიდან გაჟონილი 13 მილიონი დოკუმენტი. აღმოჩნდა, რომ ოფშორებში ინახავს საკუთარ ქონებას ინგლისის დედოფალი. ამერიკის ვაჭრობის მინისტრი არის პუტინის სიძის ბიზნეს პარტნიორი. 

გამოძიებამ ასევე გაარკვია, რომ კანადის 4 ყოფილი პრემიერი სარგებლობდა ე.წ. ფინანსური სამოთხით, რომელიც ოფშორებშია შექმნილი. იაპონელი მინისტრები და ცნობილი მომღერალი ბონოც სარგებლობდა ამ ოფშორით.

გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ბონომ ლატვიაში დიდი ფული დააბანდა.

BBC-ის ჟურნალისტურმა ჯგუფმა სამეფო ოჯახის ფინანსებს მიაქცია ყურადღება და გაარკვია, რომ ელისაბედ მეორეს სამეფო კარზე, ლანკასტერის საჰერცოგოს მეშვეობით, რამდენიმე მსხვილი გადარიცხვა განხორციელდა.

„თუ ფული იყო ინვესტირებული საგადასახადო სამოთხეში, ეს ძალიან უხერხული იქნება დედოფლისა და სამეფო ოჯახისთვის. ჩვენ დედოფლისგან უმაღლეს სტანდარტს ველით, როგორ უნდა დააბანდოს ფული და სად უნდა განახორციელოს ინვესტირება,“ - აღნიშნა სამეფო ფინანსების ექსპერტმა, დევიდ მაკლერმა.

ერთ-ერთი მთავარი სკანდალი უკავშირდება დონალდ ტრამპს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ვაჭრობის მინისტრი დაკავშირებულია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირთან, გენადი ტიმჩენკოსთან, რომელსაც 2014 წელს ამერიკული სანქციები შეეხო.

ვაჭრობის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის გავლენიან პირთან კავშირები ჰქონდა, საგადასახადო და კანონმდებლობის კუთხით ყველაფერი წესრიგში იყო.

ამ განცხადების მიუხედავად, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ როდესაც რუსულ კვალს ხედავ, სახელმწიფო მოხელეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

გამოძიებაში ჩართულები არიან ავტორიტეტული მედიასაშუალებები. 

დღის ამბები