04 მაისი 2024,   21:57
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა. დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

"დაცვის მხარე ვაპირებთ, სააპელაციო წესით გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება. ჩემი შუამდგომლობის განხილვამდე, პროკურატურის შუამდგომლობა იყო შემოტანილი, სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენც დაახლოებით იგივე მიზეზი და საბაბი გვქონდა ამის მოთხოვნის და ამ შემთხვევაში, ბრალდების და ჩვენი პოზიცია დაემთხვა," - განაცხადა ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.

სხდომის დახურვის მიზეზები განმარტა საქმის პროკურორმაც. 

"სხდომა დაიხურა ვინაიდან, დაცულიყო იმ პირთა უსაფრთხოება, რომლებიც მონაწილეობდნენ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში. მოცემულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ამ პირთა ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო და დაცულიყო მათი უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დაიხურა ეს პროცესი," - განმარტა ირაკლი მარშანიამ.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში მობილიზებული იყო პოლიცია. მედიას სასამართლო დარბაზამდე მისვლის შესაძლებლობაც არ მიეცა. დერეფანი გამყოფი ლენტით იყო გადაკეტილი. 

დაკავებულს ბრალი ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებასა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედება. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები