ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია. თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი, რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება - ეს განცხადება, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააკეთა. მეუფე იაკობმა ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.
ბოდბის ეპარქიის უმაღლესმა საეკლესიო პირმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა. მისივე განცხადებით, ამერიკელმა პარტნიორებმა გაიგეს, რომ ქართველი ხალხი და ეკლესია მოწინააღმდეგეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.