08 დეკემბერი 2024,   19:36
ვრცლად
თაღლითური ჯგუფის მსხვერპლი ოჯახები - დაზარალებულები ბრალდებულების მიმართ სასულიერო პირების მხარდაჭერაზე საუბრობენ 

თაღლითური ჯგუფის მსხვერპლი ოჯახები - დაზარალებულები ამბობენ, რომ ბრალდებულებს მხარდაჭერას სასულიერო პირები უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ ბრალდებული პირი, რომლის საქმესაც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, სასულიერო პირებთან დაახლოებული პირია და სასამართლო სხდომებსაც სასულიერო პირები ესწრებიან ხოლმე.

ერთ-ერთი დაზარალებული ნანა კვიციანი ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ თაღლითების გამო, სახლი დაკარგა და შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 2010 წელს ნანა კვიციანის სახლი, გადაუხდელი ვალის გამო, აუქციონზე იყიდებოდა. ის ამბობს, რომ ახლობლის დახმარებით გაცნობილმა ვინმე გიზო შარვაშიძემ სახლის გადარჩენა შესთავაზა, რაზეც დასთანხმდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ორგანიზებული ჯგუფის მსხვერპლი გახდა.

გიზო შარვაშიძეს თაღლითობაში კიდევ ერთი ოჯახი ადანაშაულებს. ოჯახი ყვება, რომ გიზო შარვაშიძემ, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მათი თანხაც მიითვისა.

შარვაშიძე, სხვა პირებთან ერთად, ამჯერად თაღლითობაშია ბრალდებული და საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

გარდა ამისა, გიზო შარვაშიძეს, გრიგოლ აბაშიძესთან ერთად, 2014 წელს გაენათელი მიტროპოლიტის, წმინდა ექვთიმე შარვაშიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი აქვს დაარსებული და ფაქტობრივ მისამართად გელათის მონასტერია მითითებული.

რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამ ფონდში გიზო აბაშიძის პარტნიორი სასულიერო პირი გრიგოლი სქემარქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურია.

თავად გიზო შარვაშიძის უფლებადამცველები ამბობენ, რომ არცერთი დაზარალებული გიზო შარვაშიძეს და მის ახლობლებს არ მოუტყუებიათ, ყველაფერი კანონიერად ხდებოდა.

გიზო შარვაშიძისთვის თაღლითობაში ბრალდება პირველი შემთხვევა არ არის. 2005 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის და მისი ჯგუფის წევრები თაღლითობისთვის გაასამართლეს.

დღის ამბები