საოკუპაციო ხაზთან გორში დღეს სტრატეგიული დისკუსიის შეხვედრები გაიმართება. პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ეწვევიან კონფლიქტის პირა რეგიონის სოფლებს, თავდაცვის აკადემიას.
„ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად, ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ნატოში ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ შოთა ღვინერიამ.
გაიმართება შეხვედრები თავდაცვისა და ევროინტეგრაციის მინისტრებთან. დისკუსიის ფარგლებში დაგეგმილია სარეკომენდაციო დოკუმენტის მიღება.
განხილვის ძირითადი თემები იქნება შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა და სტრატეგიები ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ.
შეხვედრები გორსა და თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.