06 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პროკურატურის მიერ მიცემული ვადა თბილისის დროით 11 საათზე იწურება

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პროკურატურის მიერ მიცემული ვადა - ნებაყოფლობით საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებასთან დაკავშირებით, თბილისის დროით 11 საათზე იწურება. საგამოძიებო უწყების წინადადების მიღებაზე სააკაშვილი უარს აცხადებს და სწორედ ამ დროს უკრაინის რადასთან, მოედანზე პრესკონფერენციის გამართვას იურისტებთან ერთად გეგმავს.

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მომავალ სამოქმედო გეგმაზე აპირებს საუბარს. 

"სხვადასხვა ასაკის ხალხმა ძალიან მაგრა იბრძოლეს , ნამდვილი გმირობა იყო, ეს არის ძალიან მაგარი ხალხი. ჩვენ წავალთ ბოლომდე. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მე ვარ აბსოლუტურად მართალი. ეს ყალბი რაღაცეები რომ გამოაქვეყნეს, არის იმდენად ამაზრზენი, ეს ყველაფერი ძალიან  მარტივია, ყველა ეს ოლიგარქი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ყველა ეს ოლიგარქი ერთად აკეთებს ბიზნესს, სულ ერთია ზოგი იქ არის ზოგი აქ, ყველანი ერთად არიან და ყველანი არიან ჩვენი წინააღმდეგი. მაგრამ, მე მაინც მივაღწევ იმას, რომ ბოლოს პოროშენკო თვითონ აღმოჩნდება ამ ხელბორკილებში და მას გასაქცევი არსად არ აქვს, არც ევროპაში, არც ამერიკაში, დაამთავრებს ძალიან ცუდად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პარალელრუად, კიევის ცენტრში, რადასთან კარვებში გაათენეს გასული ღამე აქციის მონაწილეებმა - მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა და რადას იმ შვიდმა დეპუტატმა, რომელთა წინააღმდეგაც ასევე გამოძიებაა დაწყებული.

უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს მდივნის განცხადებით, უწყებას მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობასა და მათი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს, დამატებითი მტკიცებულებები გააჩნია და მათი გასაჯაროვება საჭიროების შემთხვევაში მოხდება.

 

დღის ამბები