26 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
მსაჯის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ ზეწოლისა და მუქარის ვერსიის შესწავლა დაიწყო

საფეხბურთო მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გაყიდული მატჩების ვერსიის შესწავლა დაიწყო. სამართალდამცველებმა მსაჯის ოჯახის წევრები დაკითხეს.

მსაჯის ოჯახი ამტკიცებს, რომ ეროვნული ჩემპიონატის მსაჯს სიკვდილის წინა დღეს, სამმა პირმა სახლში მიაკითხა და მისგან ფულს ითხოვდნენ, ზეწოლის მიზეზი კი გაყიდული საფეხბურთო თამაში იყო.

გარდაცვლილის მეუღლემ გამოძიებას იმ პირების ვინაობაც დაუსახელა, ვინც, მათი თქმით, მსაჯს მოკვლით ემუქრებოდა.

იმ პირები შორის, ვის დასჯასაც ოჯახი ითხოვს, ლანჩხუთის "გურიის” დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძეც არის. ჩხაიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამართალდამცველებმა ჩვენება უკვე მისცა.

ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილზე ზეწოლისა და მუქარის მიზეზი ლანჩხუთში 3 დეკემბერს ჩატარებული მატჩი გახდა, რომლიც ლანჩხუთის "გურიის "გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მსაჯების მოსასყიდად კი გარდაცვლილს 5 ათასი ლარი გადასცეს.

შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, ილია ტუღუშს კი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდნენ. ტუღუშის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის საგანგებო მიმართვა ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელეს.

ოჯახის მიერ გარდაცვლილზე ზეწოლასა და მუქარაში დადანაშაულებული გიორგი იმანიშვილი და ირაკლი ბახტაძე მედიასთან მეორე დღეა, არ გამოჩენილან. 

 

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ლადო მენაბდე.

დღის ამბები