07 დეკემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმე არის დემოკრატიის მორიგი ტესტი უკრაინისთვის - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი დიპლომატები

მიხეილ სააკაშვილის საქმე არის დემოკრატიის მორიგი ტესტი უკრაინისთვის - ასე ეხმაურებიან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში მიმდინარე პროცესებს. მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული იქნება.

განცხადებები ბრიუსელში იერუსალიმის სტატუსის თემაზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა. ქვეყნების მთავარი დიპლომატები და ექსპერტები ხმამაღლა აცხადებენ, რომ არ ჩაერევიან კიევის შიდა პოლიტიკურ და სასამართლო საქმეებში, მაგრამ აქვე ადასტურებენ, რომ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მტერი, რუსეთის აგრესიის შემდეგ, არის კორუფცია. და სწორედ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სააკაშვილის საქმემ არ უნდა გააჩინოს კითხვები შერჩევით სამართალზე.

„ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა კორუფციასთან ბრძოლა. უნდა გამოვყოთ ეს სფერო, როგორც მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. რუსეთის აგრესიის გარდა, კორუფცია უკრაინისთვის ნომერ პირველი მტერია. რაც შეეხება სააკაშვილს, ეს უკრაინის შიდა საქმეა და ველით, რომ კანონიერების ფარგლებში მოგვარდება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა სრულყოფილად იმუშავებს და დაცული იქნება კანონის უზენაესობა. ეს არის მორიგი ტესტი და იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდას ჩააბარებს,“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი ამბობს, რომ კიევში შიდა პრობლემები უნდა მოგვარდეს და გაგრძელდეს რეფორმები, რომელიც უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის მნიშვნელოვანია.

ევროპული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი ამანდა პოლი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საკითხებზე მუშაობს, კიევში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს დრამატულს უწოდებს.

„ბოლო რამდენიმე დღე და კვირა ნამდვილად დრამატული იყო უკრაინაში. მოვისმინეთ არა ერთი სკანდალი, რომელიც უკავშირდება კორუფციას და ნაბუს ხელმძღვანელის გადაყენების მცდელობას, რაც საერთაშორისო ზეწოლის შედეგად არ მოხდა. სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე საკმაოდ დაუსაბუთებელია და მიანიშნებს შერჩევით სამართალზე. მიხეილ სააკაშვილი მეამბოხე პოლიტიკოსია. მას შეუძლია ხალხთან კომუნიკაცია და ვნახეთ, რომ დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი ქუჩაში, რომლებიც მას უჭერენ მხარს.

"ევროკავშირსაც და შეერთებულ შტატებსაც უკრაინისგან სურთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მაღალ ეშელონებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ვიცით, სადაა დიდი პრობლემა. რადასა და სხვადასხვა სახელისუფლებო წრეებში, თავისი ოლიგარქიული ბადით. ეს ხაზგასმას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა დგება ფინანსური დახმარების დაკარგვის რისკის წინაშე და საბოლოო ჯამში, ადამიანი, ვინც ამით ბედნიერი აღმოჩნდება, კრემლში ზის,“ - განაცხადა ამანდა პოლიმ.

 

დღის ამბები