26 დეკემბერი 2024,   20:32
ვრცლად
მთავრობის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების მოძრაობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების მოძრაობას შვეიცარული კომპანია გააკონტროლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებას ქართულმა და შვეიცარულმა მხარეებმა ხელი 2 დღის წინ მოაწერეს.

ამ საკითხზე მუშაობა და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ჯერი ახლა რუსეთზეა, რომელმაც ასევე უნდა მოაწეროს ხელი ანალოგიურ შეთანხმებას.

პრემიერის განცხადებით, ფორსმაჟორული სიტუაციებში ტვირთები ლარსის ნაცვლად როკის გვირაბის და ცხინვალის გავლით იმოძრავებენ და მესამე ქვეყნის ტვირთებიც გაივლის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რეგულარული ტვირთების გადატანას.

„ქართულმა მხარემ შვეიცარულ კომპანიასთან ხელი მოაწერა დამატებით კომერციულ შეთანხმებას, რომელიც არის განსაზღვრული 2011 წლის ძირითადი შეთანხმებისგან,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული, რა ტიპის ტვირთები იმოძრავებს ამ კორიდორში.

„ეს არის დამოკიდებული საქართველოს გადაწყვეტილებაზე, რა ტიპის ტვირთები იმოძრავებს ამ კორიდორში, რა დროს, რა რეგულარობით და რა შემთხვევაში. ეს არ არის დაკავშირებული SGS-თან. SGS არის ვალდებული, აღრიცხოს ყველა საერთაშორისო ტვირთი, რომელიც გადაადგილდება კორიდორში,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმით, ერთ-ერთი კორიდორი ცხინვალის ტერიტორიაზე იქნება.

„კორიდორები, რომელიც შეთანხმდა 2011 წელს, ეს გულისხმობს, ერთი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც ასევე, ზუგდიდამდე, თუ არ ვცდები, ერთი გეოგრაფიული კოორდინატი. მეორე, არის ლარსზე და მესამე, არის უკვე ის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც გადის ცხინვალის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები