საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში მატჩების ჩაწყობას საერთაშორისო კატეგორიის 2 მსაჯი აღიარებს. სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარიგებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით 5 პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მსაჯები და მწვრთნელი სუპერლიგის სხვადასხვა მატჩს წინასწარ შემუშავებული სქემით აწყობდნენ და თანხის სანაცვლოდ ყიდდნენ. ხუთივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტს ედავება.
დაკავებულთა შორის არის საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი, ვაჟა კვარაცხელია. „კურიერის“ ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა წაღვერში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. ამ წუთებში კი მწვრთნელი უკვე თბილისში წინაწარი მოთავსების იზოლატორშია გადმოყვანილი.
დაკავებულთა შორის არის კლუბ ”სოხუმის” კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, თემურ დათიკაშვილი. ადვოკატის განცხადებით, ის ჩაწყობილ თამაშებთან კავშირს უარყოფს და არც თანხის აღებას ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენიათ, დანაშაულს დავით და ირაკლი ბერიშვილები აღიარებენ.
საკალათბურთო სკანდალთან დაკავშირებით დღეს ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, საიდანაც გაირკვა, რომ გამოძიება ყველა იმ საკალათბურთო მატჩით დაინტერესდა, სადაც დაკავებული მსაჯები ან მწვრთნელები ფიგურირებდნენ.
ხუთივე დაკავებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.