07 დეკემბერი 2024,   07:10
ვრცლად
საბავშვო ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს - მშობლები ახალ ინიციატივას აპროტესტებენ

საბავშვო ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს. პრემიერის ამ ინიციატივას დღეს თითქმის ყველა ბაგა-ბაღში განიხილავდნენ. აღსაზრდელების მშობლები ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა ბავშვების დიდი რაოდენობა სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩეს.

ბაგა-ბაღების დირექტორები ადასტურებენ, რომ სკოლამდელი დაწესებულებების ფასიანად გადაკეთებაზე მათთან კონსულტაციები უკვე გაიმართა, თუმცა რა პირობებზე შეჯერდა მთავრობა ჯერ უცნობია.

დედაქალაქის მერმა რომლის დაქვემდებარებაშიც არის საბავშვო ბაღები, ჯერ არ იცის, ვისთვის იქნება ფასიანი ანდა რა დაუჯდება შეძლებულ ოჯახს ბავშვის ბაღში ტარება. კონსულტაციების შედეგად არც ის გარკვეულა, რა რაოდენობის თანხას დაზოგავს პრემიერის ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის ბიუჯეტში. კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია და კითხვებზე პასუხი არ აქვს არც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს.

არასამთავრობი სექტორში აცხადებენ რომ ეს არაპოპულარული ინიციატივა დიდი ხანია იგეგმება, თუმცა პრემიერმა შეგნებულად არჩევნების შემდეგ გააჟღერა.

პრემიერ-მინისტრმა საჯარო ბაღებში გადასახადების დაწესებაზე საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვების ნაკადი დიდია და მათი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. პრემიერის ინიციატივით ბაღი ფასიანი შეძლებული ოჯახების შვილებისთვის უნდა გახდეს, თუმცა როგორ მოხდება ოჯახების ფენებად დაყოფა, რა ოდენობის გადასახადი დაწესდება და რა შეღავათს ნახავს ბიუჯეტი ეს ჯერ უცნობია.

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები