21 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილის ოჯახი სუს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ისინი სპეცოპერაციას დადგმულს უწოდებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ მათ სახლში იარაღი არ უპოვიათ და გავრცელებული ინფორმაცია, ხელყუმბარის გახსნასთან დაკავშირებით ტყუილია. ოჯახის წევრების განცხადებით, მაჩალიკაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს არა მხოლოდ აჰმედ ჩატაევთან, არამედ ზოგადად, ტერორისტებთანაც.

თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ გახდა 19 წლის და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ იციან, რატომ შეიჭრნენ მათ სახლში და რატომ ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს.

მაჩალიკაშვილი მამის თქმით, ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელისუფლების შეცდომად აღიქვამს. ის აღნიშნავს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპულ აჰმედ ჩატაევს არ იცნობს.

„აკავშირებენ იმიტომ, რომ სად რა ხდება, მაგის შნო, მაგის ძალა, მაგის ენერგია თქვენს მთავრობას არ გააჩნია, ვიღაც უნდა გაიწიროს, აი რა ხდება,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის და გამორიცხავს, რომ მის ძმას იარაღი ჰქონდა.

„ოთახიდან, როგორც კი კარის ხმა გავიგონე გამოვიქეცი გარეთ და პირველივე ის ვნახე, რომ ისროლეს იარაღით, მერე კიდევ 15 წუთის შემდეგ ჩამიყვანეს, არ დამანახეს ჩემი ძმა," - ყვება ნატა მაჩალიკაშვილი.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრილს საოპერციოდ ამზადებენ. თელავში უკვე ჩავიდნენ მედიკოსები. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აღნიშნავენ, რომ პაციენტს ქალა-ტვინის შემავალი ჭრილობა აღენიშნება.

„პაციენტი იმყოფება ამ ეტაპისთვის მართვით სუნთქვაზე, მიმდინარეობს მისი მომზადება ოპერაციისთვის, ხდება სასიცოცხლო მაჩვენებლების დასტაბილურება,“ - განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა. 

დღის ამბები