საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამთავრობო უწყებებსა და რიგით მოქალაქეებს სუს-ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა პანკისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, სწორედ სუს-ი არის ის უწყება, რომელზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება.
„სამთავრობო უწყებებმა და თითოეულმა მოქალაქემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, რადგან როგორც ადრეც ვამბობდით, ახლა უკვე ეს გახდა თვალხილული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ის სამსახური, რომელიც დღე და ღამე შრომობს იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში, ამიტომაც, რა თქმა უნდა, მათ აქვთ მხარდაჭერა და უნდა ჰქონდეთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. სოზარ სუბარის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თანამდეროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა და საფრთხე, რომელიც ემუქრება მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სპეცოპერაციები ჩატარდა ისე, რომ არ მოხდა იმ გეგმების განხორციელება, რაც ჰქონდათ სავარაუდოდ ტერორისტებს. ძალიან სამწუხაროა რა თქმა უნდა, რომ ჩვენი გმირი სამართალდამცავი შეეწირა ამ სპეცოპერაციას. თუმცა, მთლიანობაში საფრთხე იქნა თავიდან აცილებული,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან.