04 იანვარი 2025,   14:02
ვრცლად
საქართველოს რეგიონებში ახალი 2025 წლის დადგომა კონცერტებით და სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებით აღინიშნა

საქართველოს დიდ ქალაქებში ახალი წლის დადგომას ტრადიციულად კონცერტით და ფოიერვერკით შეხვდნენ, იქამდე კი მოეწყო საახალწლო სოფლები, სადღესასწაულო მსვლელობა, გამოფენა-გაყიდვები. რეგიონებმა ახალი წლის დღეებს 21 დეკემბრიდან უმასპინძლა, ღონისძიებები 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

საახალწლო სიმღერისა და გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე შეხვდნენ რუსთაველები ახალ 2025 წელს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა დრამერებთან ერთად. საახალწლო ინსტალაციები, დეკორაციები და გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი. დღე კი საახალწლო გალა-კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე ჯგუფი ""გუფილენდი", ანსამბლი "რანინა" და "ქართული ხმები" წარდგნენ.

მრავალჟამიერით და ფოიერვერკით აღინიშნა ახალი წლის დადგომა
თერჯოლაში. მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობდა. გაიმართა ორკესტრის მსვლელობა და საშობაო ბაზრობა. პროგრამა გალა-კონცერტით გაგრძელდა. ახალი წელი განსაკუთრებით საზეიმო აღმოჩნდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 12 ოჯახისთვის, რომელთაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ახალი საცხოვრებელი სახლების გასაღები გადასცა. შეკრებილებს ახალი წელი მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცეს.

ახალი წლის დადგომა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საახალწლო გალა-კონცერტით აღინიშნა ზუგდიდში. ღონისძიებაში მონაწილეობდა "ღამის შოუს" ბენდი.

საახალწლო გალა-კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებს ახალი 2025 წელი ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ახალი წლის დადგომა იზეიმეს კახეთშიც. გურჯაანის მთავარ ქუჩაზე საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს კი გალა-კონცერტი გაიმართა "ნიკოლშოუს" და სხვადასხვა მომღერლების მონაწილეობით.

საახალწლო კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები