07 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
ოპოზიცია თბილისის მერს წარდგენილი ბიუჯეტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი უნდა დამტკიცდეს. ოპოზიციაში ხმაურიან სხდომას პროგნოზირებენ და გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობენ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს წარდგენილი ბიუჯეტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

„ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც სწორად არის დაგეგმილი და თბილისელების პრობლემებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ეს ბიუჯეტი კახა კალაძემ უნდა გაიწვიოს უკან და დაგეგმოს თავიდან, სადაც ბიუროკრატია იქნება პირველ რიგში, მკვეთრად შემცირებული,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი კი ამბობს, რომ დედაქალაქში თანხების დაზოგვა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით უნდა მოხდეს.

„პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს უმწვავესი სოციალური პრობლემები, ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა და შესაბამისად, ამის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ ვერცერთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ,“ - აცხადებს გაბაშვილი.

საკრებულოს უმრავლესობაში კი ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება.  „ქართული ოცნება“ 900 მილიონიანი ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ სახელფასო ფონდი არ იზრდება.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ დავამტკიცებთ, დამატებით, 34 მილიონი ლარით გაზრდილ ბიუჯეტს, რომელიც მოხმარდება იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას, რაზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას ვესაუბრებოდით,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა

დღის ამბები