09 დეკემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან - სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. მიზეზად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა სახელდება.

დეპორტირებულებს შორის არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე წავიდნენ. მათ ნაწილს ჰყავს გერმანიის მოქალაქე ოჯახის წევრები, ბავშვები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრების დროს შეეძინათ.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი დეპორტირებული ქართველი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ოჯახთან ერთად წლებია გერმანიაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, გუშინ დილის ხუთ საათზე მის ოჯახში სამართალდამცველები შევიდნენ, რომლებმაც განმარტებების გარეშე, დეპორტაციის მიზნით, პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანეს. 

გერმანიაში მცხოვრები ორი შვილის დედა, ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ბოლო ოთხი წელია გერმანიაში ცხოვრობს და ჰყავს შვილები, რომლებიც გერმანიაში გააჩინა. მისი თქმით, დილის ექვს საათზე მის სახლში შევიდნენ სამართალდამცველები და შვილებთან ერთად აეროპორტში სამარშრუტო ტაქსით წაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით, იმის გამო, რომ ქალბატონი ფეხმძიმედ იყო და ექიმმა მგზავრობის რეკომენდაცია არ მისცა უკანვე დააბრუნეს.

გერმანიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, შესაძლოა, ამ დღეებში დაახლოებით 500-600 ადამიანის დეპორტაცია მოხდეს, რადგან გერმანიის სასამართლოში მათ საქმეებს დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.

ქართველების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. ,,რუსთავი2“-ი კომენტარის მისაღებად შს სამინისტროში გადაამისამართეს.

შს სამინისტროში კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. მათი განცხადებით, გერმანიაში ჩატარდა რეიდები და სწორედ ამ რეიდებში მოყოლილი 65 ქართველი გამოადეპორტეს.

დღის ამბები