გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფალავნებმა 8 წონით კატეგორიაში შეძლეს მედლის მოპოვება და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
წინა დღის მსგავსად, ქართველმა ფალავნებმა კვირასაც 4 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა მძიმეწონოსანი "ახალგაზრდა ლომად" წოდებული ზვიად პატარიძე. ვერცხლს გიორგი კურტანიძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ და თემურ ჭკუასელიძემ მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ შაბათს ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა და ლერი აბულაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ბექა მამუკაშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ აიღეს.