07 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ უცნობია, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალი, ან საკვები ყოფილიყო. თუმცა, კვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თინიკო ხანჯალიაშვილი და აცხადებს, რომ ყველა პროდუქტი ბაღში ვარგისია.

ბავშვების მოწამვლის გამო, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ.

საავადმყოფოში, სადაც ბაღის აღსაზრდელები ინტოქსიკაციით გადაიყვანეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მივიდა. ბაადურ რევაზიშვილის თქმით, ბაღებში საკვების ხარისხი არ კონტროლდება.

„დღევანდელი ფაქტი კატასტროფა იყო. წეღან შევედი ბავშვთა საავადმყოფოში და ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა ბავშვების მდგომარეობა. დღეს ბავშვთა საავადმყოფოში 15 ბავშვია შემოყვანილი, რეფერალურ საავადმყოფოში - 10. ახლობლების, ნათესავების, მეგობრების ზღვარზე წყვეტენ ტენდერის გამარჯვებებს და არ კონტროლდება, ბავშვები რა საკვებს მიირთმევენ,“ - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ბაადურ რევაზიშვილმა.

 

დღის ამბები