08 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
"ეს საკითხი რომ ჩაცხრეს, საჭიროა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაურეკოს და არა პრემიერმა" - დავით ზურაბიშვილი

„ალიევს უნდა დაურეკოს ამ საკითხის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილმა, თუ უნდა მოგვარება,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ზურაბიშვილის თქმით, რეალური ძალაუფლება ივანიშვილის ხელშია და დავით გარეჯში შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, სწორედ მან უნდა დაურეკოს აზერბაიჯანის პირველ პირს.

„ჩვენ ვიცით აქ ყველამ, რომ ბახტაძეს, პრემიერ-მინისტრს არ ეკითხება არაფერი, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების საერთოდ არაფერი. ჩვენ, ყველამ ვიცით და გგონიათ, ალიევმა არ იცის ეს? ალიევს უნდა დაურეკოს ამ საკითხის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილმა, თუ უნდა მოგვარება... ბახტაძე არ დააინტერესებს ალიევს და ჩვენ თუ რეალობაზე ვსაუბრობთ, ასეა. მე არ ვიძახი, რომ ეს კარგია, უჩა რომ არის მომლაპარაკებელი. ეს საკითხი რომ ჩაცხრეს, საჭიროა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაურეკოს და არა პრემიერ-მინისტრმა, ეს არის მანკიერი მმართველობის შედეგი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით გარეჯის უდაბნოში ვითარება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა არის განლაგებული.

დღის ამბები