27 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სიღნაღის მერიაში - 5 სამუსიკო სკოლის პედაგოგები კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. 5 სამუსიკო სკოლის პედაგოგები მერიისგან 1 თვით დაგვიანებული ხელფასების მიღებას მოითხოვენ.

ისინი დილიდან შეიკრიბნენ, მუნიციპალიტეტის მერის გოგი გოგილაშვილის კაბინეტში იმყოფებიან და მოითხოვენ მერმა მათ კონკრეტული პასუხი გასცეთ. 

მათი თქმით, ხელფასები მიზერულია, თუმცა ვერც მის აღებას ახერხებენ. პედაგოგები ამბობენ, რომ სიღნაღის მერმა სამივლინებო ხარჯი 20 ათასი ლარით გაზარდა და პოლონეთში იმოგზაურა, თუმცა აიპების თანამშრომლებისთვის დავალიანების გასტუმრებას არ ფიქრობს.

„როგორც მოგიყვანეთ ისე წახვალთ. ამოდენა ბანკები სახლში გვივარდებიან. დავდივართ პედაგოგი ქალები და ხუთ-ხუთ და ათ-ათ ლარს ვითხოვთ. მასხარად გვიგდებენ, რისი მასწავლებლები ხართ, პურის ფული აღარ გაქვთო“- აცხადებს ერთ-ერთი პედაგოგი. 

მერის განმარტებით კი, ის უკვე ესაუბრა ფინანსთა სამინისტროს შექმნილი პრობლემის შესახებ, თუმცა რა რიცხვში მოხდება დავალიანების გასტუმრება, კონკრეტული თარიღი უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები