07 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
მოზარდთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება - უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეხვედრას მართავს

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ, რას დაუპირისპირებს მთავრობა არსებულ გამოწვევებს და რა ცვლილებები განხორციელდება არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ კანონებში - დღეს მთავრობის გეგმები უნდა გახდეს ცნობილი.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი  ამ წუთებში შეხვედრას მართავს. სამინისტროებმა უწყებებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები უნდა წარადგინონ.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. მათი განცხადებით, აუცილებელია, სისხლის სამართლის კოდექსში არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის პროცესში დაცვის ვალდებულება აისახოს.

"ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით მხოლოდ იმის გამო, რომ სისტემა არის პრაქტიკულად ჩამონგრეული, ყველა უწყებას ვგულისხმობ, არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებებმა, ფაქტობრივად, აღიარეს პრობლემები,  რადგან ვერ უარყვეს, რომ კრიზისი გვაქვს. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ამის ფონზე რეალისტური გეგმების მოტანაა. პრობლემა რომ იყო, აქამდეც იცოდნენ. უბრალოდ, მათ არ, თუ ვერ შეძლეს ამ მოვლენების თავიდან აცილება," - განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

აღსანიშნავია, რომ განათლების უწყება დღეს წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რომელიც უკავშირდება ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. მათი ინიციატივა, ასევე, უკავშირდება მშობელთა განათლებასა და სკოლების გაძლიერებას.

"ძირითადი მიმართულება არის მშობელთა განათლება, სკოლების გაძლიერება, არაფორმალური განათლება, უსაფრთხოების მიმართულება. მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა, უბრალოდ დღეს აქვთ არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს ვალდებულება ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება," - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

დავალება მინისტრებს წინა კვირას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისცა.

დღის ამბები