07 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
ინკასო სამ ტელეკომპანიას - ხელმძღვანელები ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ 

”რუსთავი 2”, ”ტელეკომპანია პირველი” და ტელეკომპანია ”კავკასია” - მიმდინარე დავალიანებების გამო შემოსავლების სამსახურმა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვა დააწესა. გაფრთხილებიდან ერთ დღეში, ფინანსთა სამინისტრომ სამ ტელეკომპანიას ინკასო დაადო.

ტელეკომპანიების ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.

”კავკასიის” გენერალური დირექტორი,  ნინო ჯანგირაშვილი რამდენიმე ტელევიზიის 55 მილიონიან დავალიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. 

“ტელეკომპანია კავკასია მოითხოვს, თანაბარ პირობებში ჩაყენებას ტელევიზიის, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ სახელმწიფო არ ამოიღებს "რუსთავი 2-სგან", "იმედისგან" და "მაესტროსგან" 55 მილიონ ლარს, მანამდე დანარჩენი ტელევიზიებისთვის რამის მოთხოვნა არის უკანონობა, უსამართლობა და ამორალობა. ეს არის ჩვენი პოზიცია, თუმცა ამ პოზიციის სანაცვლოდ, მივიღეთ ინკასო. ხელისუფლება არ გვეუბნება, რა მოლაპარაკებას აწარმოებს ამ არხებთან, როდის აპირებს ამ 55 მილიონის ამოღებას,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ტელეკომპანია ”ტვ პირველის“ კომერციული დირექტორი, ნანა აბურჯანიძე.

"უსამართლოა, როდესაც სხვა ტელევიზიებს 55 მილიონი ლარის გამო არ ედებათ ინკასო და ჩვენი მიმდინარე გადასახადის გამო, რომელზეც ოფიციალურად ვითხოვეთ ჩვენ საშეღავათო პერიოდი, მივიღეთ უარი და ამაზე ზემოდან კიდე დაგვედო ინკასო. ჩვენ ამასაც გავუმკლავდებით რამდენიმე დღეში, უბრალოდ, ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო სახელმწიფოს მხრიდან და მე ველი და მოვითხოვ შემოსავლების სამსახურიდან განმარტებას და აუცილებლად კონკრეტულ ვადებს, 55 მილიონს დანარჩენი არხები როდის დაფარავენ და დაედებათ თუ არა მათ ამის გამო ინკასო,“ - ამბობს ნანა აბურჯანიძე

დღის ამბები