27 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე - განაცხადების მიღება დაიწყო და პირველი მსურველებიც უკვე გამოჩნდნენ

გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლიდან იკავებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ისევ ემზადება. განაცხადის შესატანად მოქმედ თავმჯდომარეს ვადა 9 აპრილამდე აქვს. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და 3 წევრი უნდა აირჩიოს. გიორგი კალანდარიშვილი ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კონკურსი უკვე გამოაცხადა. კომისია, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს, სპიკერის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა. დაემატა მხოლოდ ერთი, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი. პროცესის მიმართ უნდობლობა ოპოზიციამ უკვე გამოხატა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა, ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი, დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნა. სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, კონკურსი ახლა, ევროპული პრაქტიკის შესაბამისად წარიმართება.

შეფასებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი საქართველოშიც. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, განმარტავს, რომ ცვლილებების განხორციელებისას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები პარლამენტმა სრულად არ გაიზიარა.

რეკომენდაციების გათვალისწინებაზე - საკუთარი არგუმენტი აქვს სახელისუფლებო გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტი არ აპირებს ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება.

ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების კონკურსში მონაწილეობა 25 წელს ზემოთ, ყველა იმ პირს შეუძლია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი. კანდიდატებს საკონკურსო კომისია შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.

დღის ამბები