27 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
"რაღაც საიტიდან ამოვიღეთ კრიპტოვალუტაზე პერსონალური მონაცემებიო, რაც სრული აბსურდია" - ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით.

მისივე თქმით, პროკურატურას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა პერსონალური ინფორმაცია კრიპტოვალუტის შესახებ, რადგან საერთაშორისო თანამშრომლობისთვის არავისთვის მიუმართავს.

"საქმეში არის ფინანსური პოლიციის გამომძიებლის პატაკი და იმ პატაკზეა აგებული საქმე, რომელიც არის სრულიად აბსურდული და არანაირი მტკიცებულება, მეტსაც გეტყვით - დაზარალებულადაც არ არის არავინ ცნობილი ამ საქმეზე. ელექტროსაფულეებზე ინფორმაციას ესენი ვერ მოიპოვებდნენ და ვერც მოიპოვეს. მეტსაც გეტყვით მე - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის არავისთვის არ მიუმართავთ და რომელიღაცა საიტიდან ამოვიღეთ კრიპტოვალუტაზე პერსონალური მონაცემებიო, რაც არის სრული აბსურდი," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ისინი, გამოგონილი სახელებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, თანხებს არიცხვინებდნენ. მათ შორის, დაზარალებულია ავსტრალიის მოქალაქე, რომელმაც ქოლცენტრს 340 000 ლარზე მეტი ჩაურიცხა.

დაკავებულ ორ პირს 7-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები