27 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
პრეზიდენტს არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან, თავისი ვეტოთი, მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცესკოში - პრემიერი

"ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს - ეს ერთი, და მეორე - საერთოდ არ აქვს მას მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან ის, თავისი ვეტოთი, პირდაპირ უჭერდა მხარს ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის თემა, რომელიც პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაასახელა, "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სპეკულაციური კამპანიის ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი არჩევნების საბოტაჟირებაა.

"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ, მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად იმიტომ, რომ თავის დროზე, კალანდარიშვილს მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა.

შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს - ეს ერთი, და მეორე - საერთოდ არ აქვს მას მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან ის, თავისი ვეტოთი, პირდაპირ უჭერდა მხარს ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად საფრთხე და პრობლემა შეექმნას. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი.

ეს სპეკულაციებიც, რომელთაც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას დღეს კიდევ ერთხელ შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად, ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნისა და არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხია.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს.

დღის ამბები