08 მაისი 2024,   13:29
ვრცლად
უმცირესობის აზრით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, მათი საკონსტიტუციო კომისიიდან ამოღების თაობაზე, პოლიტიკურია

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო კომისიიდან ოპოზიციის 13 წევრის ამოღების თაობაზე, პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო კენჭისყრის ოქმში ვერ მოხვდებიან.

„მათ უნდოდათ შეექმნათ ილუზია და რაც შეიძება მაღალი ქვორუმით ეჩვენებინათ, რომ თითქოსდა ეს გადაწყვეტილება იყო უმეტესობის აზრის გამომხატველი, ამიტომ ხელოვნურად შეამცირეს ქვორუმი და ეს ერთ-ერთი მარტივი ხრიკი იყო, რომელიც, რეალურად, არაფერს არ ცვლის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოში კი ფიქრობენ, რომ პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან. ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ კენჭისყრას და კომისიას იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავდით, როგორ შეიძლებოდა, უკვე დასკვნით ეტაპზე, ჩვენი აქტიურობით გაკეთილშობილებულიყო ის მახინჯი სისტემა, რომელიც ქართულმა ოცნებამ შემოგვთავაზა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ქმედება, ბოიკოტი გამოუცხადოს კომისიის მუშაობას, სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნებისმიერი ქვორუმის შემთხვევაში და ამგვარად არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ინიციატივის წარდგენის მეტი შანსი მიეცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ კომისიაში მუშაობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციამ თავად მიიღო.

„ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ თუ არ ხარ კომისიაში, არა ხარ არც კენჭისყრაზე გასათვალისწინებელი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ოფიციალურად 21 აპრილს ამოქმედდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები