08 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
კახეთში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების დროს 2 მეხანძრე-მაშველი ქვის ცვენის შედეგად დაშავდა

კახეთში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების დროს, კოხტას მთაზე 2 მეხანძრე-მაშველი დაშავდა. ისინი ამ წუთებში მთიდან ჩამოჰყავთ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე, აცხადებს, თანამშრომლები ქვის ცვენის დროს მსუბუქად დაშავდნენ.

სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. ხანძარი ამ დროისთვის საქართველოს 3 რეგიონში მძვინვარებს. ასობით მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი მაცხოვრებლები, მოხალისეები, მძიმე ტექნიკა და ავიაცია ცეცხლს ძირითადად მიუდგომელ ადგილებში ებრძვიან. თუშეთში, ხანძრის კერა იმდენად მიუდგომელ ადგილზეა, რომ მაშველებს მთაში წყლის ასატანად ცხენების გამოყენება დასჭირდათ. მსგავსი სიტუაციაა ხულოშიც.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 მებრძოლის, მეხანძრე-მაშველისა და სპეცრაზმის 50 თანამშრომლის ალპურ ზონაში დესანტირება რთული რელიეფის გამო მოხდა.

ართანისგან განსხვავებით, სიტუაციის კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება თუშეთში, ხახაბოს ტყეში შეძლეს, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანს, რომლებიც ტყეში სახანძრო მანქანების გარეშე ცეცხლმაქრებით და სამუშაო იარაღებით მუშაობდნენ, ერთი ქართული ვერტმფრენი ეხმარებოდა.

ხულოში, შავნაბადას მთაზე, ქარის გააქტიურებამ ხანძრის ახალი კერები გააჩინა. ადგილზე ერთი ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა მუშაობდა. აჭარაში კიდევ ერთ შვეულფრენს ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები