მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველს გუნდს შორის - საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
საბაბი ამჯერად გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება გახდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი კანონს არღვევს და ამ დრომდე არ იწყებს საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციებს.
პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, მოხსენების თარიღის ამ დრომდე არ დასახელება პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ამას პოლიტიკური მიზეზი ჰქონდეს და ის ელოდებოდეს კამპანიისთვის უფრო ხელსაყრელ მომენტს, შესაძლებელია. თუმცა, ამის შესახებ ჩვენთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
თუმცა, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა თავად პარლამენტის სპიკერის პოზიცია.
„ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ მოხსენების თარიღი, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ, დაველოდოთ ამ შემოთავაზებას და ჩვენ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს,“ - განაცხადა კობახიძემ.