ჭიათურაში, კიდევ ერთი მაღაროელის გარდაცვალების შემდეგ მუშათა საპროტესტო გამოსვლა იწყება. კომპანიის თანამშრომლები 29 მარტს მასშტაბურ აქციას გეგმავენ.
მუშების თქმით, მათ ყოველდღიურად ემუქრებათ საფრთხე, რადგან მაღაროებში არაა დაცული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
„მძიმე ვითარებაში ნამდვილად უწევდა მუშაობა, არც მაინცდამაინც სათანადო ხელფასი არ ჰქონდა. ხელის შეწყობაც არ ჰქონიათ მაინც და მაინც სახარბიელო. წვალობდა ოჯახის გულისთვის. გადმობრუნდა დიდი ქვა და დაეცა. ზოგჯერ იყო მასეთი ამბავიც კი, რომ არ შეიძლებოდა მუშაობა მაგრამ მუშაობდა,“ - ამბობს გარდაცვლილის მამა ნუგზარ აბრამიშვილი.
შუქრუთის მაღაროზე ჭერის ჩამოშლის შედეგად 45 წლის ზაზა აბარმიშვილი დაიღუპა. მამაკაცი, ჭერის ჩამონგრევის დროს გვირაბში მუშაობდა. მის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ზაზა აბრამიშვილის ცხედარი ისევ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. რამდენიმე საათში მას ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.