25 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
"არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დაგვემტკიცებინა სასამართლო წესით, რომ შენიშვნები არის დაუსაბუთებელი" - "სითი პარკის" იურისტი 

"სითი პარკი" სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელის ავტორებს არ მისცა საშუალება ბრძოლა სასამართლოში გაეგრძელებინათ. კომპანიის იურისტები ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება სითი პარკის მიმართ წაყენებული ბრალდებების აბსურდულობა დაამტკიცონ. საუბარია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც თბილისის მერია კომპანიას ედავება. იურისტები ამბობენ, რომ სითი პარკს ხელშეკრულება არ დაურღვევია.

„არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დაგვემტკიცებინა სასამართლო წესით, რომ ეს შენიშვნები არის დაუსაბუთებელი. ფაქტობრივად უსაფუძვლო, არაკანონიერი. ანუ ეს არის არა ნამდვილი მიზეზი "სითი პარკის" მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა, არამედ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ არ სურთ "სითი პარკი" ახორციელებდეს ამ ფუნქციას, რასაც გავიგებდით თბილისის მერიისგან. ეს არაფერი დრამატული არ იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა კანონის შესაბამისად. კანონის შესაბამისად არ ხორციელდება და ამას გვიდასტურებს თვითონ სასამართლოს მოქმედებაც,“-განაცხადა "სითი პარკის" ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.

თბილისის მერია კი სითი პარკს  მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. ვიცე-მერი ამბობს, რომ კომპანია საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს.

„ადგილი აქვს უფრო მცდელობას ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეებზე რაც რა თქმა უნდა მიუღებელია. დღეს, სასამართლომ  წარმოებაში არ მიიღო სითი პარკის სარჩელი ისეთი აქტის გასაჩივრებაზე, რომელიც საფუძვლად არ დასდებია ხელშეკრულების შეწყვეტას. მათი მოქმედებები გაცდენილია პრაქტიკულად სამართლებრივ ჩარჩოებს. მათ არაფერში არ სჭირდებათ ასეთი განცხადებების კეთება რასაც ადგილი ჰქონდა დღეს. ეს არანაირად მათი პოზიციების არც დაცვას და არც საწინააღმდეგოდ ხელს არ უწყობს და არ უშლის. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აკეთებენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ "სითი პარკი" ცდილობს პროცესის პოლიტიზირებას,“ - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ  "სითი პარკს" თბილისის მერიამ  ხელშეკრულება 13 მარტს გაუუქმა და 10 აპრილიდან კომპანია ბაზრიდან უნდა გავიეს. თუმცა დღევანდელი განცხადებები არ უკავშირდება ხელშეკრულების გაუქმებას. საქმე ეხება სექტემბერში გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის მიხედვითაც თბილისის მერია ამტკიცებდა, რომ "სითი პარკი" წერს უსაფუძვლო ჯარიმებს და მათი დიდი ნაწილი ექვემდებარება გასაჩივრებას. 

დღის ამბები