06 მაისი 2024,   08:31
ვრცლად
"რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა მძიმე შეცდომა" - მამუკა მდინარაძე მმართველ გუნდში პრობლემებს ადასტურებს

მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის კრიტიკას, რომლებმაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს რიტორიკა დაუწუნეს და მის განცხადებაში ავტორიტარული ნიშნების დაინახეს, მამუკა მდინარაძემ უპასუხა.

ქართული ოცნების წევრი თანაგუნდელების განცხადებას "მძიმე შეცდომად" აფასებს. გარდა ამისა, დღეს მამუკა მდინარაძემ უკვე ღიად დააფიქსირა, რომ მმართველ გუნდში განხეთქილება არსებობს.

ის ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ინფორმაცია უარყოფდა და დაპირისპირების შესახებ ფაქტებს "რუსთავი2-ის გამოგონილს" უწოდებდა.  

ის, ასევე, "არასერიოზულს" უწოდებს დეპუტატების ნაწილის განცხადებას, რომლებმაც არ გამორიცხეს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვონ.

"რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა მძიმე შეცდომა თავის შეფასებებში. რეალურად რომ ვთქვა, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობს, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური. პრობლემა არის რამდენიმე განცხადება და შეცდომას დავარქმევდი ამ ყველაფერს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის შიგნით ეს საკითხები გაირკვევა უახლოეს მომავალში და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას.

"მე რომ ვთქვა, რომ არ არსებობს საერთოდ პრობლემა, არ ვიქნები მართალი და ადექვატური. პრობლემა არსებობს. მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა იმიტომ, რომ საფუძველი ამ პრობლემის იყო არარეალური. იგივე ლოგიკით გავიმეორებ, რომ ჩვენ მხარი არ უნდა დაგვეჭირა ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წარმომადგენლისთვის. მაშინ ასეთი პრეტენზიები არ ყოფილა და ამაზე არავის უკამათია.

"იმაზე საუბარი, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით აქ რაღაც საკითხები დაისვას, არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს, ასეთი უსაფუძვლო თემების ფონზე. ამ კონკრეტულ საკითხებს ხშირად ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ეს ადამიანები არ არიან ერთი ან მეორე გუნდი. ასეთი გუნდები არ არსებობს. არის კონკრეტული საკითხი. არსებობს ამ საკითხის მომხრე ან მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია რომელიმე გუნდებზე და დაჯგუფებებზე ფიქრი,“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ქართული ოცნების წევრებმა, დავით ჭიჭინაძემ და ნუკრი ქანთარიამ, პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო გადაყენების შესახებ განცხადებები გააკეთეს.

მათ თქვეს, რომ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები შეიცავს ავტორიტარულ ტონს  და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რომელიც პარტიის ლიდერს - პრემიერ-მინისტრს, აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები