21 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ვაკეში მოკლული 25 წლის გოგონა ექსპერტიზის ბიუროდან სოფელში გადაასვენეს - მკვლელს სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

ვაკეში მოკლული 25 წლის გოგონას მკვლელს სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ადგილი, სადაც საზარელი მკვლელობის შემდეგ მოკლულის მამინაცვალი - ვეფხია ბაქრაძე, მივიდა, სოლოლაკში მდებარე ნაქირავები ბინაა.

საგამოძიებო მოქმედებები სოლოლაკის ბინაში რამდენიმე საათის წინა ჩატარდა. სოლოლაკში მდებარე ბინა ვეფხია ბაქრაძეს პირველი აპრილიდან ჰქონდა ნაქირავები.

ბინის მეპატრონის თქმით, ვეფხია ბაქრაძემ ბინის ქირაობის შემდეგ რამდენიმე ღამე გაატარა სახლში, რის შემდეგაც ბინის მეპატრონეს უთხრა, რომ ავეჯის შეტანას აპირებდა სახლში, რადგან გეგმავდა ამ სახლში მეუღლესთან ერთად გადმოსვლას.

სოლოლაკში ნაქირავები ბინიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები წაიღეს.

25 წლის გოგოს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დღეს დილით გადაასვენეს მის სოფელში, თელავის რაიონში.

მისი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახზე სისტემატურად ძალადობდა. 

მოკლული გოგოს მამა ამბობს, რომ მის შვილს ჭრილობა ცივი იარაღით კისრის არეში აქვს მიყენებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძე აქამდეც იყო ნასამართლევი.

25 წლის გოგოს ახლობლები ამბობენ, რომ პატრული უკვე იყო გაფრთხილებული, თუმცა, რეალურად, ვერაფერი მოიმოქმედეს.

მკვლელობა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, სავარაუდოდ, ოჯახური დაპირისპირების გამო შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულის დედას ბრალდებული შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდა.

გამოძიება  სსსკ-ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები