ოფიციალური დამასკო ამტკიცებს, რომ დასავლეთის იერიშები ტერორისტების წინააღმდეგ მათ ბრძოლას ვერ შეაჩერებს. არმია ირწმუნება, რომ სირიის მიმართულებით დღეს დილით 110 რაკეტა გაუშვეს, თუმცა ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ უმეტესობა მათგანი ჩამოაგდო.
სარაკეტო იერიშის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა ბაშარ ალ ასადიც. სირიის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა ირანელ კოლეგას და დასავლეთის ქვეყნები სირიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„უსამართლო, სამმხრივი აგრესია განხორციელდა შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ დღეს დილით 110 რაკეტის გაშვებით დამასკოსა და მის გარეთ სირიის სამიზნეებზე. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ სარაკეტო აგრესიაზე ეფექტური რეაგირება მოახდინა და უმეტესობა მათგანი ჩამოაგდო. რაკეტების ნაწილს მიმართულება შეუცვალეს, ვიდრე ისინი სამხედრო ობიექტებს მოხვდებოდა ჰომსში. ერთ-ერთი მათგანის აფეთქების შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა. სირიის შეიარაღებული ძალები გააგრძელებს სირიისა და მისი ხალხის დაცვას. მსგავსი აგრესია ხელს ვერ შეგვიშლის სირიაში დარჩენილი ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებაში,“ - აცხადებს არმიის პრესსპიკერი.