21 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
წალკაში 76 წლის მოხუცი ორმა ნიღბიანმა უთოთი აწამა

ბნელი 1990-იანების სამარკო ნიშანი - ყაჩაღობა უთოთი - 76 წლის მოხუცს ორი ნიღბიანი თავს ღამის პირველ საათზე დაესხა. მძინარე ცოლ-ქმარს თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს.

თავდამსხმელები პენსიონერებისაგან ფულს ითხოვდნენ, მოხუცმა მათ 600 ლარი გადასცა, მაგრამ კრიმინალებს თანხა ეცოტავათ და მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს, წამების კვალი მოხუცს დღემდე ეტყობა.

თავდამსხმელებმა მას ცხელი უთო სხეულზე რამდენჯერმე დაადეს. ის სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.

დაყაჩაღებული ოჯახი მესაქონლეობას და მეფუტკრეობას მისდევს, ამიტომ თავდამსხმელებს იმედი ჰქონდათ, რომ სახლში მოხუცები 600 ლარზე მეტს ინახავდნენ.

დაზარალებული ამბობს, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი მას სხვადასხვა ფორმით, თითქმის, 2 საათის განმავლობაში აწამებდა. ნაცემი მოხუცის ცოლმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, რაც ხელ-ფეხ შეკრულმა 76 წლის კაცმა მეორე სართულზე ასვლა მოახერხა და ცოლს დახმარება სთხოვა.

პოლიციამ მომხდარის შესახებ გვიან შეიტყო. როგორც დაზარალებულების ნათესავები ამბობენ, მოხუცი ცოლ-ქმარი დამნაშავეებმა გააფრთხილეს, რომ სამართალდამცველებისთვის არ მიემართათ.

იმის გამო, რომ კრიმინალები დღემდე არ დაუკავებიათ, მოხუც ცოლ-ქმარი თავდამსხმელებს დაბრუნებას და წამებას ისევ ელოდება.

სოფელში მომხდარი ყაჩაღობის შემდეგ ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ რაიონში ბნელი 1990-იანები დაბრუნდა, ქურდობა და ყაჩაღობა კი ჩვეულ მოვლენად იქცა. ბინებს წალკაში დღემდეც ძარცვავდნენ, თუმცა, 1990-იანების მეთოდით, ცხელი უთოთი წამება, ბოლო წლებში პირველია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება ან არსებობს თუ არა ეჭვმიტანილი წამების ფაქტზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები