21 დეკემბერი 2024,   20:49
ვრცლად
„ჩხოროწყუს მართავს იზორიების კლანი“ - ოპოზიციის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრის ნათესავები ხელში იგდებენ ბიზნესებს

ოპოზიციის მტკიცებით, ჩხოროწყუში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, ბიძა და სხვა ნათესავები ხელში იგდებენ ბიზნესებს და სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას. ოპოზიციის წევრების თქმით, ჩხოროწყუში "იზორიების კლანია". 

ოპოზიციის ინფორმაციით, ჩხოროწყუს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ხელში ჩაგდებას თავდაცვის მინისტრის ბიძა, ვალერი იზორია, ცდილობს. 

გარდა ამისა, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბაზრის მიმდებარედ საფეხმავლო გზას მერია თავდაცვის მინიტრის ოჯახის ზეწოლით ყიდის. ქალაქის მერიც ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიის გასხვისება იგეგმება. 

ლევან იზორიას ბიძა კურიერთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბაზრის წინ, მუნიციპალურ მიწაზე ბიზნესპროექტის განხორციელებას მისი შვილი და შვილის მეგობარი აპირებენ, უკვე არსებობს ბიზნესგეგმაც.

თავდაცვის მინისტრის ბიძაშვილი, დავით იზორია, მედიის ყურადღების ცენტრში 2014 წელს მოექცა, როდესაც დანით ხელში ქართული ოცნების ოფისში შეიჭრა და კოალიციის წევრებს ემუქრებოდა.

ოპოზიციის მტკიცებით, ჩხოროწყუს ბაზარი ერთ-ერთი ობიექტი არ არის, რომლის ხელში ჩაგდებასაც თავდაცვის მინისტრის ოჯახი ცდილობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, მურთაზ ზოდელავას, ინფორმაციით, ჯუმბერ იზორია, რომელიც ჩხოროწყუს პოლიციის მოქმედი უფროსია, ბენზინგასამართი სადგურების ქსელსა და ხე-ტყის ბიზნესს ფლობს. ცოტა ხნის წინ ჩხოროწყუს ცენტრში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რაც ასევე ჯუმბერ იზორიას საკუთრებაა.

ადგილზე მისულ კურიერის გადამღებ ჯგუფს კი განუცხადეს, რომ ინსპექტირების ცენტრის მფლობელი ვეფხია იზორიაა. მან ინტერვიუზე უარი განაცხადა და კურიერის გადამღებ ჯგუფს საპირფარეშოსი დაემალა.

ჩხოროწყუსი ამბობენ, რომ ბიზნესებს მინისტრ იზორიას ნათესავები უკანონოდ და ძალადობრივად იტაცებენ. მაგალითად, საუბრობენ ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, რომელიც, ოპოზიციის ინფორმაციით, ამჟამად უკვე იზორიებს ეკუთვნის.

„ბიზნესს ისინი საკუთარი სახელით არ აწარმოებენ, ბიზნესის უკან მისი ნათესავები არიან გაფორმებული. ჩხოროწყუს მართავენ ფეოდალი იზორიები,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, გოგი სორდიამ.

2012 წლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრმა, ხელფასის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ლევან იზორიას შემოსავალი ფლანგვის დეტექტორმა დათვალა და დაადგინა, რომ ანაზღაურება ბიუჯეტიდან თავდაცვის მინისტრმა 550 ათასი ლარი მიიღო, პრემია და დანამატი მას 143-ჯერ აქვს აღებული.

რეპორტაჟის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ კურიერს ლევან იზორიას პრესმდივანი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მინისტრი მისი ნათესავების ბიზნესთან კავშირი არა აქვს.

 

დღის ამბები