03 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
შემთხვევის ადგილზე მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას დარჩა - პროკურატურა ხორავას ქუჩაზე ამოღებულ ნივთმტკიცებებს ასაჯაროებს

საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში - შოთაძის უწყება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს, რომელმაც გამოძიების ვერსია რამდენიმე დღის წინ თავდაყირა დააყენა.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მაკრატელი, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა მკვლელობის სავარაუდო იარაღად დაასახელა, სინამდვილეში ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ეკუთვნის. საგამოძიებო უწყება, ამტკიცებს, რომ მკვლელობის იარაღი, ადგილიდან ამოღებული გასაშლელი დანაა, სადაც სისხლის ლაქები აღმოჩნდა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ფოტო-მასალა გაავრცელა, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი.

„ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამის დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის  მოწმეთა დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან საგნის არსებობა არ დგინდება,“-განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ამოღებულია ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები, რომელთა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას საშუალება მისცა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ გამორიცხავს პროკურატურა დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას, როდესაც სასამართლო პროცესზე ორივე ბრალდებულმა დაასახელა სხვა მოზარდები, რომლებიც ასევე შეიარაღებულები იყვნენ.

მალხაზ კაპანაძე ამბობს, რომ მათი ჩვენებები არ არის გასათვალისწინებელი, რადგან ეს ბრალდებულების მხრიდან თავდაცვის გამო გაკეთებული განცხადებებია.

„ხსენებულმა ბრალდებულებმა ჩვენება მისცეს 6 თვის თავზე რამდენიმე დღეში მთავრდება სასამართლო განხილვა და ეს იყო მათი, როგორც მოწმეების დაკითხვის ბოლო ეტაპი.

ისინი არიან ბრალდებულები ამაში არაფერი საუცხოვო არ არის. როგორც წესი, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები ცდილობენ სასამართლოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათთვის, მათი დაცვის სტრატეგიისთვის ხელსაყრელია,“-აცხადებს კაპანაძე.

დღის ამბები