21 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოში პოლიციასთან - ზვიად კუპრავას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სახალხო პროტესტის და აქციის „ნუ მომკლავ“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა პატიმრობაში რჩება. სასამართლომ მას წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოს სასადილოში, სადაც საჭმელად მისული ზვიად კუპრავა პოლიციელებმა ვადაზე ადრე ძალით დააბრუნეს სხდომათა დარბაზში.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც პროცესზე შესვენება გამოცხადდა, კუპრავა და სარალიძე კი სამზარეულოში ჩავიდნენ. რამდენიმე წუთში სასამართლოს პირველ სართულზე საპატრულო პოლიციის 10-მდე თანამშრომელი ჩავიდა და ზვიად კუპრავას დარბაზში დაბრუნება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება, რამდენიმე წუთში კი ინვენტარის მსხვრევა მოჰყვა.

სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას და რეაგირებას ითხოვს ზაზა სარალიძე.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა. რასაც ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირის მიერ სასამართლო პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვება მოჰყვა.

მოსამართლის მიერ გადაწყვტილების გამოცხადებამდე აქციის მონაწილეები დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვტილებად აფასებდნენ.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ აქციის მონაწილეებს 14-დღიანი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეში პოლიციას არც კამერების ჩანაწერები წარმოუდგენია.

დაცვის მხარე პროცესზე საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას ითხოვდა. სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ათეულობით პოლიციელს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იყვნენ, კამერები დასამუხტი ჰქონდათ.

ზვიად კუპრავა და აქციის მონაწილეები სასამართლოდან პირდაპირ დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს.

პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში 14 დღეს გაატარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები