შსს-მ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა," - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.