ფინანსური სანქციები საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას. ნახევარი მილიონის ლარის დავალიანების მქონე კლუბს დამატებითი ჯარიმა ფიფამ დაუწესა.
ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა მომხდარში ყოფილ მერსა და გუნდის ყოფილ პრეზიდენტს, ზაზა ურუშაძეს, ადანაშაულებს.
ზაზა ურუშაძე კურიერის კამერის გამოჩენამ გააღიზიანა. ურუშაძემ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი არ ისურვა.
ფინანსური დავალიანება, რომელიც კლუბს ახლა აქვს და ფიფას სანქციები ელოდება, სწორედ ურუშაძის ხელმძღვანელობის დროს დაეკისრა.
2016 წელს გურიაში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელის, იური ოლივეირა ეუგენია სილვას, სანაცვლოდ, კლუბს ბრაზილიის ფრიბურგუნსე ატლეტიკოსთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა, თუმცა, ეს არ გააკეთა. ბრაზილიის კლუბმა ფიფას მიმართა და სარჩელი შეიტანა, ლოზანაში გადაწყვეტილება 5 ივნისს გამოიტანეს და გურიას ატლეტიკოს სასარგებლოდ 40 500 ევროს გადახდა, ხოლო ლოზანას არბიტრაჟისთვის 5000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრა.
ფიფამ დავალიანების დასაფარად გურიას ვადა 9 ივლისამდე მისცა, ამ პერიოდში მხარეებმა შესაძლოა, ვალის პერიოდულ გადახდაზეც მოილაპარაკონ.