გაერთიანებულ სამეფოში მოზარდ გოგოებზე სექსუალური ძალადობა პოლიტიკურ სკანდალად მას შემდეგ იქცა, რაც ილონ მასკმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოძალადეების მფარველობაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპის მილიარდერი მოკავშირე ბრიტანეთის "ლეიბორისტ" პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას დანაშაულის თანამონაწილედ განიხილავს და მხარს უჭერს, ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას.
პოლიტიკურ სკანდალს წინ უძღოდა ბრიტანეთის მთავრობის უარი, ჩაეტარებინა მასშტაბურ გამოძიება ეროვნულ დონეზე, რომელიც გამოავლენდა არამხოლოდ მოძალადეებს, არამედ მათ მფარველებსაც პოლიტიკურ და საგამოძიებო უწყებებში. საუბარია ბრიტანეთის ჩრდილოეთ ქალაქებში წლების განმავლობაში დაფარულ დანაშაულზე. აღმოჩნდა, რომ პაკისტანური წარმომავლობის ზრდასრული მამაკაცები სისტემატურად აუპატიურებდნენ არასრულწლოვან გოგონებს, მათ შორის ჯგუფურად. ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ სერიული ძალადობის მიჩქმალვას შესაბამისი უწყებები აქტიურად ცდილობდნენ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. მიზეზად რასიზმისა და ისლამოფობიის გაღვივების საფრთხე სახელდება. გამოძიებაზე უარი გახდა ილონ მასკის კრიტიკის მიზეზიც. მილიარდერს ბრიტანეთის მთავრობიდან მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა.
ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეროვნულ დონეზე, მასშტაბური გამოძიების ნაცვლად, გამოძიება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე ჩატარდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, როცა ქვეყანაში ბანდები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, მსხვერპლ მოზარდებს კი სახელმწიფოს მხრიდან მართლმსაჯულებასა და დაცვაზე უარი ეთქვათ, რათა შეენარჩუნებინათ წარმატებული მულტიკულტურული საზოგადოების იმიჯი. "როგორ დაიფარა პედოფილების ბანდის სკანდალი?" - ამ სახელწოდებით ჟურნალისტური გამოძიება გავლენიანმა გამოცემა "ტელეგრაფმაც" გამოაქვეყნა:
ტელფორდი, ოლდჰემი, როტერჰემი, დიდი მანჩესტერი - ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც მოძალადეების ბანდები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ არასრულწლოვან გოგონებს. საქმეს ათასობით დაზარალებული ჰყავს. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საკითხის განხილვა ადგილობრივ საბჭოებში მმართველი "ლეიბორისტული პარტიის" მიერ არაერთხელ დაიბლოკა.
პედოფილიის სკანდალმა უკვე შეარყია პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის კაბინეტის პოზიციები. ილონ მასკის შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს რეფორმის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჟიც. ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ გამოძიების შესწავლის საგანი უნდა გახდეს ბრიტანეთის მოქმედი პრემიერის როლიც დანაშაულის დაფარვის საქმეში, ვინაიდან კირ სტარმერს 2008-2013 წლებში ბრიტანეთის მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.
სერიული პედოფილიის სკანდალს შესაძლოა დიდი ბრიტანეთში პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვეს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, არასრულწლოვანებზე მოძალადეების ბანდა წლების განმავლობაში მოქმედებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში.