21 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმები შესაძლოა ელექტრონული მეთოდით დაითვალონ

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია 39 მილიონ ლარს დახარჯავს. არ არის გამორიცხული წლევანდელ არჩევნებზე, ხმები ელექტრონული მეთოდით დაითვალონ. აღნიშნული მეთოდის ტესტირება უკვე განხორციელდა ცაიშის მუნიციპალურ არჩევნებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

დღეს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

„საკანონმდებლო ცვლილებებს რაც შეეხება, არის სხვადასხვა ნიუანსები, რომელიც ეხება დისციპლინარული სანქციების საკითხს, ეხება არჩევნების დანიშვნის საწყის პერიოდს და ვადას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვქონდა დავები იმასთან დაკავშირებით, რომ როდის უნდა მომხდარიყო დამკვირვებელთა რეგისტრაცია ან სხვადასხვა ტიპის პროცედურები,“-  აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, მისასალმებელია ცვლილება, რომელიც ამომრჩეველთა ნების კონტროლის შეზღუდვას ეხება, თუმცა ოპოზიციაში ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, 2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა ნებას აღარვინ გააკონტროლებს.

„ეს ინიციატივა, ძირითადად, ითვალისწინებს ტექნიკურ საკითხებს, თუმცა ასევე არის არსებითი ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომელიც ემსახურება ამომრჩევლის ნების კონტროლის შეზღუდვას წესით, თუმცა, ჩემი აზრით, წარსულშიც და მომავალშიც პრობლემა იყო არა კანონის ფორმულირება, არამედ მისი ინტერპრეტაცია და მისი გამოყენება. „ქართული ოცნების“ კლებადი რეიტინგის ფონზე, მე არ მაქვს იმის იმედი, რომ თუმდაც ამ ფორმულირების შეცვლა იქნება იმის გარანტი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ისევ არ მოახდენს ამომრჩევლის ნების კონტროლს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” სამართლებრივ და საარჩევნო საკითხთა ხელმძღვანელი ანა კობახიძე ამბობს, რომ ყოველი არჩევნების წინ კოდექსი იცვლება, რაც მიუღებელია. 

„არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და პარტიები, რომლებიც მივიღებთ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, გვექნება პრობლემა, რადგან ფაქტობრივად ყოველ არჩევნებზე გვიწევს, რომ ახალი კოდექსით შევხვდეთ არჩევნებს და ეს არის პარტიებისთვის მიუღებელი,“ - განაცხადა ანა კობახიძემ.

დღის ამბები