21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
+39 /+41 გრადუსი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი რეკორდულად  მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

უწყების ინფორმაციით, 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.

"აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება,"-აცხადებენ სინოპტიკოსები.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მაღალი ტემპერატურის გამო მოსალოდნელ დაავადებებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებობს საშიშროება მოხდეს სითბური ტალღის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ასევე მაღალია  სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკიც, რომელიც წყლით ან გადამტანებით (კოღოებით) ვრცელდება.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მაღალი ტემპერატურის დროს მზეზე სიარულს, განსაკუთრებით ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.

მედიკოსების რჩევით, აუცილებელია სამუშაო ადგილებზე შენარჩუნდეს ის ტემპერატურა, რაც მუშაობაში ხელს არ შეუშლით. 

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ 30 ივნისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, ხოლო 4 ივნისიდან, გრილი და ნოტიო ჰაერის მასები იმოქმედებს აღმოსავლეთ საქართველოზეც.

დღის ამბები