21 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
შესაძლო კორუფციული სქემა -„კურიერის“ ინფორმაციით, სიღნაღის გამგეობის თანამშრომლებმა ნათესავებზე სოციალური დახმარებები გასცეს

„კურიერის“ ინფორმაციით, სიღნაღის გამგეობის თანამშრომლებმა მერის მივლინების დროს ნათესავებზე სოციალური დახმარებები გასცეს. „კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ სიღნაღის გამგეობიდან სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებების დატაცების საქმეზე გამოძიება ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო. ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია. სავარაუდოდ, ამ წუთებში, მერიც გამოკითხვაზე იმყოფება.

სქემას, რომელზეც გამოძიება დაიწყო, სავარაუდოდ, კომისიის მდივანი, ნათია პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიას ევალებოდა სოციალურად დაუცველებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა. სქემის მიხედვით, პაპუაშვილის, სავარაუდოდ, დოკუმენტაციას აყალბებდა და ერთსა და იმავე პიროვნებაზე რამდენჯერმე სოციალური შემწეობის გაცემა.

ფაქტი „კურიერთან“ საუბრისას მერის მოადგილემ დაადასტურა. თემურ ბალარჯიშვილის თქმით, ფინანსური დახმარება გაიცემოდა კომისიის მხრიდან, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ოჯახის წევრზე.

„შეიძლება რამდენიმე გაგვეპარა. არ ვიცით. ეს აღმოაჩინა ჩვენივე სოციალური სამსახურის უფროსმა, ლია ბაკაშვილმა. როდესაც ეს ანგარიშები გადარიცხა და წარუდგინა საფინანსოს კომისიის მდივანმა, ნათია პაპუაშვილმა, კომპიუტერში პროგრამამ არ გაუშვა, აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებას ურიცხავდა ორჯერ. ასეთი რამის შემოწმება მე თავშიც არ მომსვლია,“- განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ ბალარჯიშვილმა.

როგორც ცნობილია, პაპუაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა უკვე დატოვა. „კურიერთან“ კომენტარი ნათია პაპუაშვილის დედამ გააკეთა.

„გუშინ ამდაგვარი გავიგე. ახსნა-განმარტება დაწერა მერიაში. შემშალა დედაო და გავუშვიო. დავწერე ახსნა-განმარტება, რომ არც აუღია და ის თანხა ისევ მანდ არის, იმ პიროვნებას არც აუღია. უშეცდომოდ ხომ არავინ ვარსებობთ,“- განაცხადა კომისიის წევრის დედამ, ელზა მჭედლიშვილმა. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობაში“ საუბრობენ, რომ კორუფციული საქმის უკან შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნები იდგნენ.

„ეს შენობა არ არის მუნიციპალიტეტის შენობა, ეს არის ერთი დიდი კორუფციის ბუდე, რომელშიც ადამიანები მუშაობენ, რომლებიც მხოლოდ თავის თავზე მუშაობენ. დღეს უკვე როდესაც დაინახა შიოლაშვილმა, რომ ეს ერთი კლანი, კვირიკაშვილის კლანი უნდა დასუსტდეს, იმიტომ, რომ პრემიერი აღარ არის, ერთმანეთის ჭამა დაიწყეს, თორემ გუშინ პირობითად შიოლაშვილისა და კვირიკაშვილის კლანი ერთად იყვნენ კორუფციაში ჩაფლულები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები