21 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება - IDFI საგანგაშოდ გაზრდილ ციფრებზე საუბრობს

საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან დეპორტაციის დინამიკა კვლავაც მზარდია. სტატისტიკა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გაანალიზა და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდა.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2015-2017 წლებში სულ, სხვადასხვა ქვეყნებიდან დეპორტაციის 11 ათას 428 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან კი 4 126 შემთხვევა მხოლოდ 2017 წელს იყო. კვლევის მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე, გერმანიიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან გამოაძევეს. აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები დეპორტირების რაოდენობა ორჯერ არის გაზრდილი, მომატებულია საფრანგეთიდან იტალიიდან და შვეიცარიიდან დეპორტირებულთა რიცხვიც.

როგორც "IDFI"-ში აცხადებენ, თუ დეპორტირებულთა რაოდენობის მატება გაგრძელდება ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ 2017 წელს დეპორტაციის რიცხვის მატება სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. 

„ქვეყნების სია, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება, ეს არის გერმანია, ისრაელი, თურქეთი და რუსეთი, თუმცა 2017 წელი იყო გამორჩეული, რაც ლოგიკური არის. რა ვარაუდიც იყო დასტურდება, მაგალითად თურქეთი რომ ავიღოთ, თურქეთიდან დეპორტირებულთა რიცხვი იკლებს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იმატებს, მაგალითად გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან

რა თქმა უნდა, წლებს უნდა დავაკვირდეთ. მომავალ წელს 2019-2020 წლებში როგორ იქნება. შეიძლება ეს იყოს უვიზო რეჟიმის პირველადი ეფექტი“- აცხადებს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე.

ინფორმაციის  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევისთვის ინფორმაცია შს სამინისტროსგან გამოითხოვა. ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა რა გახდა მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზი, თუმცა უწყებამ მათ ეს ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები