21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ისტორიული დოკუმენტი - ვაშინგტონში შედგენილი მხარდაჭერის აქტი თბილისში დაპირისპირების მიზეზი გახდა

საქართველოს მხარდამჭერ აქტს სენატსა და კონგრესში დამტკიცების შემდეგ საბოლოოდ ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს. ისტორიული დოკუმენტი ორმა კონგრესმენმა ტედ პომ და ჯერალდ ქონოლიმ მოამზადეს, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

კანონპროექტი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტის შემუშავება გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა და მარტში ვიზიტის დროს სწორედ მან დაარწმუნა ამერიკელი კანონმდებლები საგანგებო აქტი მოემზადებინათ.

მხოლოდ ვიზიტებით ასეთი მნიშვნელოვანი აქტების მიღება არ წყდება- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ საგარეო უწყების დიდი აქტიურობით მომზადდა.

ოპოზიცია კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ორპარტიული დოკუმენტის სენატში შესვლა ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ მოხდა. ამიტომ პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აქტიურად იმუშაონ ტრამპის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ უკრაინის ოკუპაციასთან ერთად, საქართველოს თემაც განიხილონ.

საქართველოს მხარდაჭერის აქტს ხელი უკვე მოაწერა 30-მა კონგრესმენმა, ამიტომ თბილისსა და ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ დოკუმენტი კონგრესსა და სენატშიც გავა.

დღის ამბები