07 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
„თქვენი გული რას ამბობს?... "- თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ -მინისტრმა ოთხშაბათს, 11 ივლისს უნდა დაასახელოს. “კურიერის” ინფორმაციით უკვე გადაწყვეტილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში დარჩება იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი, თეა წულუკიანი. წულუკიანი ხანგრძლივი შვებულების შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერის გადასაწყვეტია დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე. მისი თქმით, მამუკა ბახტაძის შესაბამისი განცხადების შემდეგ ის თავად გადაწყვეტს დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

„თქვენი გული რას ამბობს...  რაც შეეხება მინისტრი დარჩება თუ არა პოზიციაზე, ამას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მინისტრი არ წყვეტს. ის იღებს  ბოლოს სურს თუ არა დარჩეს ამ პოზიციაზე გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ნაადრევია იმიტომ, რომ კანონები უნდა გამოქვეყნდეს რომლებმაც მცირე მთავრობის კონცეფცია უნდა შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგ  კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ- მინისტრი წარმოადგენს  შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენ დამისვათ ის კითხვა რაც დღეს დამისვით,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებიან ახალი სახეებიც. დროებითი მთავრობის წევრები ამბობენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს დეტალებს.

„კონსულტაციები მიდის მინისტრთა კაბინეტში და შესაბამის გადაწყვეტილებებს გააჟღერებს პრემიერ-მინისტრი,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ.

კითხვაზე დარჩება თუ არა ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში, გაგუა აცხადებს, რომ ესეც კონსულტაციების საგანია.

რჩება თუ არა თანამდებობაზე არ აკონკრეტებს არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  გიორგი ჩერქეზიშვილი.

„ახალ მინისტრთა კაბინეტის შესახებ გაიგებთ უახლოეს მომავალში პრემიერისგან,“-განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. 

დღის ამბები