08 დეკემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ხაიშსა და ჭუბერში ყველა სახერხი დალუქულია - ადგილობრივები შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს ითხოვენ

ხაიშსა და ჭუბერში გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ მშვიდი ვითარებაა, მოსახლეობამ ცენტრალური გზა გახსნა და გადაადგილება შესაძლებელია.  თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა გადაუჭრელი დარჩა. ამ დროისთვის ორივე სოფელში არსებული ყველა სახერხი დალუქულია.

როგორც ამბობენ, სახერხები გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადგილზე შესვლის შემდეგ დაილუქა.

„შეჩერებულია მუშაობა. სამოძრაო წყარო მეტი არაფერია თქვენც იცით, სანამდე გაგრძელდება ასე“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხე-ტყის ბიზნესი ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სწორედ ამას უკავშირდებოდა გუშინდელი პროტესტი.

„სამუშაოს ვითხოვთ არავინ ითხოვს ხე ტყეს. ალტერნატივა უნდა მოინახოს, ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. თუ ამბობენ ტურიზმს,  მესტიაში მიდის ტურისტი და აქ არავინ ჩერდება. გაუსაძლის მდგომაროებაში ვართ“-ამბობს ადგილობრივი.

სვანეთში საპროტესტო აქცია, რომელიც ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას მოჰყვა შეთანხმების შემდეგ შეწყდა.

ადგილობრივები ერთ კვირაში  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან შემდგარ კომისია ელიან, რათა ხე-ტყის უკანონო ჭრის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ საკითხებზე შეჯერდნენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი შეხვდება. შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

დღის ამბები